სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამედროვე ტექნოლოგიების პოპულარიზაციის პროგრამა
29.04.2012 წელი
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელის მოადგილის სოფლის მეურნეობის დარგში–დავით ბუცხრიკიძის ხელმძღვანელობით შედგა აგროტური–სოფლის მეურნეობის სფეროში მიმდინარე და დასრულებული პროექტის გაცნობა, რომელსაც ახორციელებს სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
აგროტურში, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლის მეურნეობის სამსახურის მთავარ სპეციალისტ–ალექსანდრე მარტინენკოსთან და სხვა სკოლის მასწავლებლებთან ერთად, მონაწილეობა მივიღეთ ქ.ახალციხის №5 საჯ. სკოლის პედაგოგებმაც.
ვნახეთ სამეურნეო დანიშნულების ობიექტები:
წნისის საერთაშორისო სტანდარტის რძის გადამამუშავებელი და პირუტყვის კომბინირებული საკვების დამამზადებელი საწარმოები, რომლებიც შპს ,,ჯორჯიან ბიზნეს ზონ"–ის მფლობელობაშია.
ქარელის (ბებნისის) სადემონსტრაციო ხეხილის ინტენსიური ბაღები, რომლებიც ირწყვება თანამედროვე ირიგაციის წვეთოვანი მორწყვის სისტემით;
შინდისი–დაწვიმება (მორწყვის წრიული პივოტური საირიგაციო სისტემა).
მივიღეთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია:
სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების საკონსულტაციო ექსტენციის ცენტრები გაიხსნა საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში და მომავალში დაგეგმილია გაიხსნას ყველა რეგიონის მუნიციპალიტეტში. აღნიშნული საკონსულტაციო ექსტენციის ცენტრები აღჭურვილია თანამედროვე საკვლევი აპარატურით და დაკომპლექტებულია კვალიფიციური მომსახურე პერსონალით, სადაც ფერმერს (გლეხს) შეუძლია მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია სოფლის მეურნეობის ამა თუ იმ დარგის შესახებ, გაზომოს თავისი მიწის მჟავიანობა, მიიღოს ინფორმაცია მცენარეთა დაავადებების შესახებ და ჩაატაროს ამა თუ იმ კულტურის ანალიზი. ასევე ფერმერი (გლეხი) SMS-ის სახით მიიღებს ინფორმაციას სეზონზე მოსალოდნელი მცენარეთა დაავადებების გავრცელებისა და გარკვეულ ინფორმაციას ამინდის შესახებ. ასე რომ, ექსტენციის ცენტრების თანამედროვე საკვლევი აპარატურისა და კვალიფიციური მომსახურე პერსონალის საშუალებით ფერმერს (გლეხს) გაცილებით მეტი შესაძლებლობა აქვს უკეთესად წარმართოს თავისი მეურნეობა.
აგროტურს უძღვებოდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელი–ნატო კაპანაძე.
აგროტური დასრულდა ბანკეტით, სადაც ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ბატონმა გელა დემეტრაძემ მონაწილეებს გადმოგვცა საჩუქრები.
ქ. ახალციხის №5 საჯ. სკოლის დირექცია და აგროტურში მონაწილე პედაგოგები დიდ მადლობას ვუხდით სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ყველა იმ ორგანიზაციასა და ორგანიზაციის წარმომადგენელს, რომლებიც ეწევიან სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამედროვე ტექნოლოგიების პოპულარიზაციას და აწყობენ ასეთ შთამბეჭდავ აგროტურებს საზოგადოებისათვის.
ქ. ახალციხის №5 საჯ. სკოლის ფიზიკის მასწავლებელი მაია თათეშვილი
ეს წერილი, 30.04.2012წ., გავგზავნე დასაბეჭდად გაზეთში–,,ახალი განათლება"
No comments:
Post a Comment